პარლამენტის წინ გაშლილ კარვებს ექიმების კარავიც დაემატება.
ისინი მხარდაჭერას უცხადებენ "მოძრაობას საქართველოსთვის", რომელიც რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვს, ამასთან, დააყენებენ თავიანთ მოთხოვნასაც - დროულად შემოიტანოს მთავრობამ კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში.
ექიმებისვე თქმით, კარავი მოქალაქეებს პირველად გადაუდებელი დახმარებას გაუწევს.
"ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ვეცდებით, რომ ხალხის გვერდით ვიდგეთ, თუნდაც უსასყიდლოდ. დავეხმაროთ ადამიანებს. ვართ მოხალისეები, გვერდში დავუდგებით გაჭირვებულ საზოგადოებას". - თქვა ერთ-ერთმა ექიმმა.
"ჩვენ ყოველდღიურად ვკაგავთ ადამიანებს, ვიძენთ ახალ დაავადებულებს. ეს აუარესებს ეკონომიკასაც, რაც ადამიანების ჯანმრთელობასთანაც არის კავშირში - სოციალური გაჭირვება, ბაშვების შიმშილი და ა.შ. ჩვენ, ექიმები ვთვლით, რომ ვაქცინის დაგვიანება ქვეყნის ნელი გენოციდის ტოლფასია. ამიტომ, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გადადოს ნებისმიერი სხვა პრობლემა და ქვეყანაში უმოკლეს დროში დაიწყეს ვაქცინაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ არ ვართ დაზღვეულები არც მესამე ტალღისგან, არც ეკონომიკური პრობლემებისგან, არც დიდი სოციალური გაჭირვებისგან ქვეყანაში". - თქვა სხვა ექიმმა სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს ამ დრომდე კორონავირუსის არც ერთი დოზა ვაქცინა არ მიუღია. მთავრობა და ეპიდემიოლოგები ამბობდნენ, რომ ფაიზერის ვაქცინის 29 250 დოზას, რაც სამედიცინო პერსონალის მცირე ნაწილის ასაცრელად არის საკმარისი, ქვეყანა თებერვლის დასაწყისში მიიღებდა, თუმცა, მოლოდინი არ გამართლდა.
ბოლო ინფრომაციით, საქართველო ასტრაზენეკას ვაქცინის ნაწილს უახლოეს მომავალში მიიღებს. ამირან გამყრელიძის თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ნოვავაქსის მწარმოებელთა. ვაქცინა ავტორიზაციას აპრილში მიიღებს.